საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სამინისტროში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.
„ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან გავაკეთე განცხადება სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ეს შეეხებოდა როგორც გრიფირების პროცესს, სკოლებში არსებულ, ასე რომ ვთქვათ, ტექნიკურ სხვადასხვა დარღვევებს და ასე შემდეგ.
იმისთვის, რომ დავიწყოთ რეფორმების სწრაფად განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებები და ისიც აღვნიშნეთ, რომ ეს არ არის საბოლოო, იმიტომ რომ ცვლილებები ასევე გაგრძელდება. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ დავიწყოთ უსწრაფესი ნაბიჯებით რეფორმების განხორციელება.
განათლება გამოცხადებულია მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად და იმასაც პირველი დღიდან ვაცხადებდით, რომ განხორციელდებოდა სისტემური ცვლილებები. დღევანდელი საკადრო ცვლილებები არის მხოლოდ ნაწილი და ვფიქრობთ, რეფორმისთვის უნდა მოვემზადოთ საფუძვლიანად. განათლების ყველა მიმართულებით მოგვიწევს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და ვფიქრობთ, ახალმა გუნდმა ახალი ხედვით და მეტი ენერგიით უნდა შეძლოს ამ რეფორმების განხორციელება.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის. მოადგილეების რაოდენობა სამინისტროში მცირდება და შვიდის ნაცვლად იქნება ხუთი მოადგილე, თუმცა, მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ცვლილებები ასევე გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში ასევე ვიხილავთ დანარჩენ ცვლილებებს. უახლოეს მომავალში ასევე მოგაწვდით ინფორმაციას სისტემაში ახალ კადრებთან დაკავშირებით, დანიშვნები მოხდება შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
