საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ ერთა ლიგის პირველ შეხვედრას გამართავს.
გუნდი „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ცარიელი ტრიბუნების წინაშე უმასპინძლებს. დღეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„მზადება რამდენიმე დღეა დავიწყეთ და საწვრთნელი პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ირლანდიის ნაკრები კარგად შევისწავლეთ და ვიცით, რა ასპექტში შეუძლიათ ჩვენთვის პრობლემების შექმნა და ჩვენ რა უნდა დავუპირისპიროთ, ესეც კარგად მოგვეხსენება. ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია.
„ოქროს ბურთის“ სხვა ნომინანტებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ ბურთს იმსახურებენ. ხვიჩას კი ეს არ გაუკეთებია იმიტომ, რომ თავმდაბალი ადამიანი და გუნდური მოთამაშეა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციაზე იყო ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „ოქროს ბურთის“ შესახებაც ილაპარაკა და თქვა, რომ ასეთ ნომინაციაში წარდგენა მისთვის პატივია.
„4 თამაში ათ დღეში არ იქნება იოლი. გამოცდილება გვაქვს. ბიჭების მოტივაცია, ხარისხი და მზადება იმდენად კარგად მიმდინარეობს, რომ ვფიქრობ, რომ ყველაფრისთვის მზად არიან“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ახალი ფორმატის მიხედვით, საქართველოს ნაკრებს 10 დღის განმავლობაში 4 თამაშის ჩატარება მოუწევს.
გუნდს ტრავმის გამო ბოლო მომენტში ოთარ მამაგეიშვილი გამოაკლდა და მის ნაცვლად ვლადიმერ მამუჩაშვილი გამოიძახეს. შეხვედრა ხვალ „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
