ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებში, რომელიც გვაქვს, ამას ამბობენ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა ჰკითხა, რა იქნება გარდამტეხი, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის აღდგენაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
„როდესაც ვამბობთ იმას, რომ პროცესი დაიძრა და ურთიერთობები უნდა განახლდეს ევროკავშირთან, ეს ყველაფერი მათი მხრიდან არის დაზიანებული, მათი უსამართლო დამოკიდებულების გამო. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი [ურთიერთობების აღდგენა] ერთ, ან ორ დღეში მოხდება. ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებში, რომელიც გვაქვს, ამას ამბობენ. დიალოგის აღდგენა მხოლოდ ჩვენი ინტერესი კი არ არის, ბოლო პერიოდში რეგიონსა და რეგიონს გარეთ საომარი დაპირისპირებების გამო, საქართველოს როლი დაკავშირებადობის თვალსაზრისით კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც ევროკავშირის წარმომადგენლები ათვითცნობიერებენ. მათი ინტერესი ხდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია.
ის სრულიად გაუაზრებელი და უსამართლო პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ, თავადაც კარგად ხედავენ, რომ არაფრის მომცემია, ამიტომ დროთა განმავლობაში ეს შეიცვლება და პროცესი არის დაძრული. არაერთხელ გავაკეთეთ განაცხადი, რომ დიალოგი და ურთიერთობა უნდა იყოს აგებული ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც ადრეც გვითქვამს, რომ ჩვენთვის წითელი ხაზია. 2 წელი გავიდა 2024 წლის არჩევნების შემდეგ და რა შედეგი მიიღო ასეთმა პოლიტიკამ?!“- აღნიშნა კახიანმა.
