“ნაწყენი არა, ნატკენი ვიყავი,” – ასე ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი და პარლამენტის თავმჯდომარე პარტიიდან გიგლა აგულაშვილის წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას.
უსუფაშვილი ამბობს, რომ ის ამ ტკენას ხვალიდან დაივიწყებს და აგულაშვილთან, როგორც კონკურენტი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთან, ექნება ურთიერთობა.
“მე მინდა, ვთქვა, რომ დღეს ეს თემა აქტუალურია. მეც ამიტომ ვაკეთებ კომენტარებს. მაგრამ 12 საათის მერე მე ამ თემას ვხურავ. ის ხვალიდან კონკურენტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნება და ამ რეჟიმში გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. ეს იყო ემოციურად მტკივნეული იმიტომ, რომ ის არ იყო რიგითი წევრი პარტიის. მძიმე დღეებში, როცა გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაპატიმრებდნენ, ერთად გავიარეთ ჩვენ ეს წლები. მანამდე მას ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა სხვადასხვა თანამდებობებზე. გულისდაწყვეტა არის. ნაწყენი არა, ნატკენი ვიყავი. პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ მზად ამ ტიპის ტკენებისთვის,”- აცხადებს უსუფაშვილი.
ტოკშოუ არჩევანში საუბრისას უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მას და აგულაშვილს შორის ახლო ურთიერთობები არსებობს. მეტიც, უსუფაშვილი აგულაშვილის შვილის ნათლიაა.