გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტის წევრებს მიმართა, კორექტული სიტყვები და გამონათქვამები შეარჩიონ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პირობებზე მსჯელობისას. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.
მეის მოწოდება მოჰყვა გაზეთ Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც პარლამენტის წევრები აკრიტიკებენ მეის პოზიციას ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში. სტატიაში ნათქვამია, რომ ტერეზა მეი შევიდა “ცეცხლის ზონაში” და ახლოვდება დრო, როცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მკერდში გაუყრიან “გავარვარებულ დანას” და ის მალე “მოკვდება”. გაზეთი სტატიის ავტორის და დეპუტატების ვინაობას არ ასახელებს. ის ტერეზა მეის მოუწოდებს, პარლამენტში თანაპარტიელ კონსერვატორებთან შეხვედრაზე “თავის ჩამოსახრჩობად თოკით” მივიდეს.
სტატიის ანონიმ ავტორზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კონსერვატიული პარტიის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში საუბარია პოლიტიკურ სიკვდილზე, ანონიმი ავტორის მეტაფორებმა ბრიტანული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, ის მზად არის „ყველა შესაძლო ვარიანტი“ განიხილოს, რათა Brexit-ის შესახებ მოლაპარაკებებში შექმნილი ჩიხიდან გამოვიდეს. მეი ამბობს, რომ Brexit-ის პირობების 95% შეთანხმებულია.