რომელიმე ქართველი ხელოვანი თუ მოსკოვში იმღერებდა, მტრის ხატად გადასცემდით ხოლმე და მოღალატედ აცხადებდით, თუმცა თქვენს საარჩევნო შტაბში რუსული პიარჯგუფების მუშაობა კითხვის ნიშნებს არ იწვევს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ სერგო რატიანს. მან სერგო რატიანს მიმართა, რომ თავმოყვარეობა თუ აქვს, აღნიშნულ პროცესს უნდა გაემიჯნოს.
„ბატონ სერგოს თუ მაინცდამაინც პუტინზე სურს საუბარი, გრეგორისა და პუტინის ერთობლივი სურათი უნდა გაგახსენოთ, ასევე თქვენი არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც მუდმივად პუტინთან პოზირებდა. ასევე მინდა შეგახსენოთ კახა ბენდუქიძე, რომელიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა და შემდეგ ქართული ეკონომიკა ჩავაბარეთ. ჩვენ გრეგორის შტაბში ვუყურებთ პუტინთან ასოცირებულ იმდენ ჩინოვნიკს, რომ პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც პროდასავლურობის პრეტენზია აქვს, ეს ფაქტი კითხვის ნიშნებს უნდა ბადებდეს. კითხვა უნდა გიჩნდებოდეთ, რატომ ხდება ასე ჭარბად რუსეთის მოქალაქეების მხრიდან თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერა. მაშინ როცა რუსეთის ეს მოქალაქეები მუშაობენ „ოერტესა“ და „ენტევეს“ ეთერში, რომ რუსეთის მოსახლეობას თვალში ნაცარი შეაყარონ. თქვენ, როგორც ჩანს, ეს გზა მოგეწონათ და ამ პიარტექნოლოგებს დაუძახეთ, რომლებიც შეეცდებიან, ახლა საქართველოს მოქალაქეებს შეაყარონ ნაცარი და ამ ტყუილის ფონზე მიიღოთ საარჩევნო შედეგი. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს შედეგი იქნება მიუღწეველი. მოვა დრო და ამის ძალიან შეგრცხვებათ. თქვენ თუ თავმოყვარეობა გაქვთ, უნდა გაემიჯნოთ ამ პროცესს ან უნდა უნდა აღიაროთ, რომ რაიმე კავშირი გაქვთ რუსეთის ფედერაციასთან.
სერგო რატიანი და „რუსთავი ორი“ მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ ძმები ბერძენიშვილები რუსეთის „კაგებეს“ წარმომადგენლები იყვნენ. დიდი ხანი აჯერებდნენ საზოგადოებას, რომ კოკო გამსახურდია იყო „კაგებეს“ აგენტი, ასევე შალვა ნათელაშვილი იყო „კაგებეს“ აგენტი და რატომღაც ახლა ეს ძალები, რომლებიც „კაგებეს“ ნომენკლატურის იმიჯს კიდებდნენ ხალხს, ერთად წარდგნენ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.