„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთკვირიანი მასკარადი ვითომდა მათ კონსტრუქციულ გეგმებზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მან პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დააანონსა, ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება. ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობას დაწყებას გვპირდება.
დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს 7 ნოემბრის, ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს. სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ქართველ ხალხთან ერთად არის და იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში აღარასდროს განხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშისტული, რევოლუციური ზრახვები და არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას. ამის პირობას ვაძლევთ თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.