გიორგი პაპუაშვილი სკანდალური განცხადებების შემდეგ პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს შეხვდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აპირებს პროკურატურაში მისვლასაც, თუმცა, მას შემდეგ, რაც უმაღლესი თანამდებობის პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
“ამის შესახებ მეც ტელევიზიით მოვისმინე და ვერაფერს გეტყვით. პირადად ჩემზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და არ ვიცი. თითოეული მოსამართლე ისაუბრებს თავისი სახელით. ამ პოზიციას ჩემს მიმართ არ ვეთანხმები და სხვების მიმართ არ ვიცი. აზრზე არ ვარ, მეც გავიგებ თქვენთან ერთად,“- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუაშვილმა გუშინ პრესკონფერეციაზე მოსამართლეებზე ზეწოლის და მუქარის თაობაზე ისაუბრა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მოსამართლეებს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით ემუქრებიან.
პროკურატურამ პაპუაშვილს უკვე გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს უწყებაში გამოცხადების თაობაზე.