ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები სწავლება “ღირსეული პარტნიორის” დასაწყებად ემზადებიან.
მომზადების პროცესში ჩართულია ქართულ-ამერიკულ წვრთნებში მონაწილე ამერიკული M1A2 ტიპის ტანკები “ABRAMS” და ქვეითთა საბრძოლო მანქანები “M2 BRADLEY”, ასევე , ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2. ქართულ-ამერიკული სწავლების “ღირსეული პარტნიორის” დაწყებისთვის მზადების პროცესს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.
“მიმდინარეობს სწავლების დაწყებისთვის მზადება. მოწმდება ადგილმდებარეობა, ტექნიკის გამოყვანა, მონახაზების შემუშავება, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. მიმდინარეობს ადგილმდებარეობის დამატებითი რეკოგნოსცირება. სწავლებაში მონაწილე ყველა მხარის დაინტერესება მაღალია, ენთუზიაზმი ძალიან მაღალია და იმედია, წარმატებით ჩაივლის ეს სწავლება”,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
დღესვე სწავლებისთვის მოსამზადებელი ღონისძიებების ფარგლებში ამერიკელმა სამხედროებმა C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავიდან პარაშუტით დესანტის გადმოსხმის ოპერაციაც განახორციელეს. შემოწმდა სამხედროების აღჭურვილობა და მზადყოფნა.
ქართულ-ამერიკული სწავლება, ოფიციალურად, 11 მაისს გაიხსნება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება.
ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და კონკრეტულად იმ ასეულს, რომელიც შეუერთდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს. ასევე, გაზრდის ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობას. სამხედრო სწავლება აძლიერებს საქართველოს და შეერთებული შტატების, საქართველოს და ბრიტანეთის, ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების თუ რეგიონული პარტნიორების ურთიერთთავსებადობას. ამ სწავლებით იზრდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ძლიერდება რეგიონის უსაფრთხოება.