საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი” გურჯაანის ღვინის ფესტივალის ერთგული მხარდამჭერია. უწყებამ ღონისძიების მეათე საიუბილეო წელს ფესტივალზე, ჩვეულებისამებრ, საქპატენტის საქმიანობის ამსახველი საექსპოზიციო კუთხე წარადგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად საქპატენტის სივრცე დაათვალიერა, სადაც საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ უწყების უცხოელი სტუმრები წარუდგინა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიდან (WIPO) და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციიდან (CNIPA), რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
საქპატენტმა, როგორც ფესტივალის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ, აქტიური მონაწილეობა მიიღო ღონისძიების განხორციელებაში. ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ საქპატენტის საექსპოზიციო კუთხეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ უწყების საქმიანობასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობას.
ფესტივალმა ღვინის მოყვარულებს შესაძლებლობა მისცა სხვადასხვა ლოკაციაზე დაეგემოვნებინათ დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოები. მეათე საიუბილეო წელს ფესტივალის მთავარი თემა იყო “თანამედროვე მემკვიდრეობა”.
