„უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლა გულდასაწყვეტია“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულ საკითხებზე უთანხმოება არ ნიშნავს, რომ დაავიწყდა, როგორ იდგნენ ერთად რთულ ვითარებაში.
„ძალიან გული მწყდება, პირველი შეგრძნება გულდაწყვეტაა. გარკვეულ საკითხებზე სრული უთანხმოება არ ნიშნავს, რომ არ მახსოვს, როგორ მოვდიოდით და როგორ ვიდექით ერთ პოზიციაზე რთულ ვითარებაში. შეიძლება, საკითხზე ემოციურად ერთნაირი შეხედულება გვაქვს, მაგრამ ანალიზი, რა მოჰყვება ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქციის სახით, ამ საკითხზე ჩვენი შეფასება სხვადასხვანაირია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, პოლიტიკური მეგობრების დაკარგვა რთულია.
„თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა დასაკარგია, უნდა დაიკარგოს. არ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაზე ინანო და პირველ პლანზე ეს დააყენო. პოლიტიკური მეგობრების დაკარგვა და პოზიციების ასე დაპირისპირება რთულია, რაც საზოგადოებაზეც აისახება მაშინ, როდესაც სიმართლე გაცილებით არაპოპულარულია. პოზიცია ემოციურად ყველასთვის ერთია, მაგრამ ანალიზიდან გამომდინარე ეკა ბესელიას პოზიცია არასწორია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეკა ბესელიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ უმრავლესობის რიგები დატოვა და „მიდის იქ, სადაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა დგას“.
გია ვოლსკი – პოლიტიკური მეგობრების დაკარგვა და პოზიციების ასე დაპირისპირება რთულია
2019/02/22 13:09:26

კომენტარები
ნანახია: 717 ჯერ