გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და მთელ გუნდს, ვინც ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობდა მადლობა გადაუხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 28 ივნისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა ჰეპატიტის დღედ.
“მე მგონი, ქართველებს მართლა გვაქვს საამაყო, რადგან ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც უკვე 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და არის ძალიან წარმატებული სტატისტიკა. ეს პროგრამა კიდევ გრძელდება და უფრო ფართოვდება. მინდა ვთხოვო დავით სერგეენკოს, გვითხრას, რა სტატისტიკა გვაქვს და როგორ მიმდინარეობს პროგრამის განხორციელება. ასევე მინდა დავით სერგეენკოს და მთელ გუნდს, რომელმაც იმუშავა ამ პროგრამის განხორციელებაზე დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ახლა მე გამოვხატავ არაერთი ადამიანის აზრს საქართველოში. მემგონი, ამ წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს. ძალიან კარგი პროგრამაა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.