საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური მუშაკები ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში მარტო აღმოჩნდნენ. ამის შესახებ მან პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის კომუნიკაცია უფრო ეფექტური უნდა იყოს.
„ძალიან სამწუხაროდ, წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ – 4 წლის გოგონას გარდაცვალებამ, რომელსაც ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს, მე პირადად დამანახა იმის საჭიროება, რომ ბევრი დაგეგმილი ცვლილება უნდა განხორციელდეს სწრაფად. ამ მხრივ არსებობს ფუნქციონალური პრობლემები. სოციალური მუშაკები რეალურად მარტო აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში. სამინისტროსთან რაიმე ეფექტური უკუკავშირი, რომელიც უზრუნველყოფდა მწვავე საკითხების პრევენციას, დეტექციას და მათზე რეაგირებას, იყო ძალიან სუსტი. ამ საკითხის მოსაგვარებლად ერთი თვის წინ ჩვენ შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, სადაც წარმოდგენილები არიან სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქცია არის სოციალურ მუშაკებთან პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ამ საბჭოს მინისტრი ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ გეგმურად თვეში ერთხელ არის წინასწარ გაწერილი, შესაძლებელია მისი ნებისმიერი სიხშირით მოწვევა და ბოლო თვის განმავლობაში ეს საბჭო ორჯერ იყო მოწვეული“, – განაცხადა სერგეენკომ.