სახელი: ეკა.
გვარი: ბესელია.
პროფესია: ყოფილი ადვოკატი, პოლიტიკოსი.
– ბოლო დროს ბევრი სირთულე შეგხვდათ… როგორ იქცევით რთულ სიტუაციებში?
– არასოდეს გატყდეთ და გაჩერდეთ, როცა მართალი ხართ. ეს იოლი არაა, მაგრამ ეს გზა უნდა გაიაროთ. მე ვიცოდი, რომ მიზნისთვის არ უნდა მიეღწია იმას, ვინც ეს დაგეგმა და ამიტომ უფალმა მომცა ძალა ვიბრძოლო, ახლა მეტად, ვიდრე აქამდე. ოცდამეერთე საუკუნეში ვიღაც რომ ამ საბჭოურ მეთოდს იყენებს, ეს სიბნელეა. საოცარი იყო. იმდენმა უცნობმა ადამიანმა მომწერა ამ დღეებში, რომ გაოგნებული ვიყავი. ვერ ვასწრებდი წერილების წაკითხვას. საოცარი სოლიდარობა გამოხატეს. ეს საზოგადოების ზრდის სხვა ფაზაა.
– პოლიტიკა არის თუ არა მართლაც ბინძური?
– როცა პოლიტიკაში ხარ და ხარ ქალი, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, მით უფრო, თუ წინა ხაზზე დგახარ. არსებობს კომფორტის ზონა და იქ ყოფნა არაა საშიში. მე არასოდეს ვყოფილვარ კომფორტის ზონაში. არ ვიცი საბრძოლო რეჟიმში და სულ აბჯრით რატომ ვარ, მაგრამ ჩემი წინაპრების სისხლი ჩემში ერთიანად არის თავმოყრილი. სამართლიანობის განცდა ისეთი მაქვს, ამას ვერსად დავემალები. პატარაც ასეთი ვიყავი. 1989 წელს, 17 წლისამ, განათლების სისტემაში რევოლუცია მოვახდინე. რამდენიმე აბიტურიენტმა კომუნისტური რეჟიმის მანკიერი სისტემა შევცვალეთ. მე არასოდეს ამირჩევია იოლი და მოკლე გზა. ადამიანის ღირსება მის არჩევანშია და ეს წლები ამ ღირსებით ვიარე.
– ნანობთ რამეს?
– არ ვნანობ. ვინანებდი სიჩუმეს, მორალურ კომპრომისს. მე ვერ ვიცხოვრებ, თუ შინაგანად მატერიალისტურმა გარემომ ან ვინმემ დამიმორჩილა. ჩემი იდეალების ერთგულება ყველაზე სასურველი სივრცეა, სადაც ვქმნი რაღაც ახალს. რას ვნანობ? ალბათ, მაინც იმას, თუ ვინმეს ყურადღება დავაკელი და უსამართლოდ ვატკინე გული.
– გადაწყვეტილებას როგორ იღებთ?
– სირთულეეებს მარტო ვებრძვი და არ ვნებდები. ჩემს შვილებსაც ვასწავლი, რომ როცა განსაცდელია, უნდა გაძლიერდე, არ შეშინდე და დაიწყო მოქმედება, მონახო გონივრული გამოსავალი. 22 წელია, მყავს მოძღვარი, ჯვრის მონასტრის წინამძღოლი, ბერი მამა კონსტანტინე და ის არის ჩემი მრჩეველი, მყავს ორი უახლოესი ადამიანი – დედა და არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა. მე მათ ვეკითხები აზრს და მერე ვმოქმედებ გაბედულად.
– ბევრი საიდუმლო იცით?
– ბევრი რამ ვიცი და ბევრ საიდუმლოსაც ვინახავ, რაც ჩემთან ერთად წავა. მე არასოდეს დავარღვევ სახელმწიფო ინტერესს, არ დავაზიანებ და არ გადავაბიჯებ ამას. ასევე, მაღალია ჩემი შინაგანი ეთიკა და იმ ადამიანებსაც, ვისაც ვიცავდი, როგორც ადვოკატი. საჯაროდ არ ვუპირისპირდები. ამას ყოველთვის ვარიდებდი თავს.
– მემუარებშიც არ დაწერთ?
– ალბათ, დავწერ მემუარებს, მაგრამ აქაც ვიფიქრებ, რომ სახელმწიფო ინტერესს ზიანი არ მივაყენო. საერთოდ, მგონია, სახემწიფოებრივად აზროვნება უნდა ვისწავლოთ, სახელმწიფოს ინტერესი პირადზე მაღლა უნდა დადგეს. ეს მნიშვნელოვანია.
– ვინ არის ეკა ბესელია?
– გამოუსწორებელი იდეალისტია. არაპრაგმატული, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, გარედან რკინის და შიგნიდან მგრძნობიარე, ემოციებით სავსე, თუმცა ძლიერი ნებისყოფის, მაქსიმალისტი, ადამიანი, რომელსაც სხვისთვის თავგანწირვა შეუძლია. რა თქმა უნდა, როგორც ყველას, ნაკლი მეც მაქვს. ვარ ემოციური და მეტისმეტად მომთხოვნი, ზოგჯერ – მკაცრი და შეუვალიც. ზედმეტად ვრეაგირებ დეტალებზე, მაგრამ ჩემს სულში მხოლოდ სიკეთე და სხვაზე ზრუნვაა. ჩემთან სულ არის უფალი და ოჯახი, შვილები, დედმამიშვილები, მოძღვარი… სულ ვგრძნობ ჩვენი პატრიარქის, მისი უწმიდესობის ზრუნვასა და სიყვარულს. პირველმა, როცა გადავდექი, სწორედ მან დამირეკა, მანუგეშა, მომეფერა. როგორ იოლად დათმეო – ხუმრობდა. საოცარი იყო ჩვენი შეხვედრაც. არასოდეს დავუტოვებივარ განსაცდელის დროს. ასევე, სულ ვგრძნობ ჩემი რამდენიმე მეგობრის მუდმივ ზრუნვას.
– როგორი ქალი ხართ?
– მკაცრი ვჩანვარ, გარედან რკინის ნებისყოფა იკითხება – ეს ცხოვრების სირთულეებმა განაპირობა, მაგრამ შიგნით, სულში, სულ სიკეთეა და სხვისი განცდის განცდაა. ემოციებს ვაკონტროლებ, რადგან ხშირად მძლავრობს და არ მინდა შესამჩნევი იყოს. ვინც ახლოს გამიცნობს, ყველა მეუბნება: როგორი სხვა ხართ და ეკრანიდან როგორი მკაცრი ჩანხართო. ეს, ალბათ, კამერებმა და მედიით საჯარო ცხოვრებამ განაპირობა. საქმეში მომთხოვნი ვარ და მაღალ სტანდარტს ვიცავ. მიმაჩნია, რომ პარლამენტი პარლამენტს უნდა ჰგავდეს და მთავრობა – მთავრობას. ყურადღებას ვაქცევ, რომ ყველა დეტალი უზადოდ მაღალ დონეზე იყოს. არ მიყვარს უწესრიგობა, ქაოსი და უპასუხისმგებლობა. სახლშიც ასე ვარ. თუმცა სხვის უფლებებსა და თავისუფლებას სამართლიანად ვეპყრობი, ძალიან დემოკრატიული ვარ. სახლში ნაკლებ დროს ვატარებ, სულ სამსახურში ვარ, მაგრამ ტელეფონით შვილებთან მუდმივ კავშირზე ვარ. მიყვარს ბუნება და ფეხით სიარული, რაც ახლა მენატრება.
– აგირიდებიათ თვალი ვინმესთვის?
– კი, მქონია ასეთი მომენტები იმ ადამიანების მიმართ, ვინც მუდმივად ცილს მწამებდა და თავს მესხმოდა. ხშირად არ ვრეაგირებ და ეს აგიჟებთ. ბევრი ცილისწამება მომისმენია ჩემზე. იმაზე მეტი, ვიდრე ას კაცს – ალბათ, ჩემი აქტიურობის გამო. ვიცი, დიდი მადლია, თუ დათმე. რთულია, მაგრამ სოლომონ ბრძენი, მაგალითად, დახედავდა ბეჭედს და კითხულობდა: „ესეც გაივლის“. გაივლის, მარადიული არაა. მარადიული მარტო უფალია და ერთ დღეს ყველა იქ წავალთ. ამიტომ მთავარია არა მატერიალური სიმდიდრე, არამედ რას დატოვებ.
– რა მოგიტანათ პოლიტიკამ?
– გულწრფელად გითხრა? ქალი მეცოდება პოლიტიკისთვის, მაგრამ, იმისათვის, რომ პოლიტიკა არ იყოს ასეთი დაუნდობელი, მეტი ქალი უნდა მოვიდეს. პოლიტიკამ მე ბევრი ტკივილი მომიტანა, ვიცხოვრე სხვებისთვის და არა ჩემთვის. მამშვიდებს ის, რომ ვემსახურე სამშობლოს ისე, რომ გავიმეტე ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები. ამას არასოდეს ვინანებ და არც ამ დროს ვინანებ. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს გზა ძალიან რთული სავალი იყო, მაგრამ ეს ჩემი გზაა, ჩემი არჩევანი.
– პოლიტიკაზე პატარა ასაკშივე ფიქრობდით?
– არასოდეს მიფიქრია პოლიტიკაზე. ბავშვობა საკაცობრიო თემებზე დარდითა და ფიქრით გადიოდა, მაგრამ სამართლიანობისთვის სულ ვიბრძოდი. შენ კარგად იცი, კომუნისტების დროს, თანამოაზრეებთან ერთად, 17 წლისამ შევცვალე განათლების სისტემა. ალბათ, ესეც იყო პოლიტიკის ნაწილი, თუმცა, მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი. მე ადვოკატის პროფესია ავირჩიე. პოლიტიკაში წასვლა სააკაშვილის რეჟიმმა და უსამართლობამ მიბიძგა.
http://tbiliselebi.ge