“პატრიოტთა ალიანსი”-ს ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში, ეკა ბესელიას წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმიანება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“კიდევ ერთხელ ვწერ: ამაზრზენი, მიუღებელი, ზნეობასა და მორალთან სრულ წინააღმდეგობაშია ჩემთვის ის კამპანია, რასაც ადგილი აქვს ეკა ბესელიას მიმართ! (ადამიანურობის საზღვრებს ცდება ეს ყველაფერი. ბრძოლასაც აქვს წესები, ომსაც აქვს წესები, ამ წესს ცხოველიც კი იცავს).
აქ ვგულისხმობ არა მარტო ფარული კადრების პერიოდულად გავრცელებას, არამედ ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ზარდიაშვილის და უმრავლესობის ზოგიერთი სხვა წევრის გაუწონასწორებელ, ცინიკურ, ცილისმწამებლურ, თავხედურ… არაკაცურ განცხადებებს, რამაც მიზანმიმართული შეტევის ხასიათი მიიღო. კიდევ ვიმეორებ: ბრძოლას, ომს, მტრობასაც კი აქვს წესები და სახე არ უნდა დავკარგოთ, არც მამაკაცმა და არც ქალმა პოლიტიკოსებმა.
ისე, ეს ფარული კადრები ძალზედ საეჭვო დროსა და ვითარებაში ვრცელდება ხოლმე… საშინელი საყურებელია, რაც ხდება. ანგარიშსწორების უფრო სასტიკ მეთოდს ძერჟინსკიც ვერ მოიფიქრებდა.”,-წერს ირმა ინაშვილი.
