დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე განმარტება გააკეთა, რომ მისი მოადგილეებს ხელფასები არ გაზრდილა. „მედია-საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩემს მოადგილეებს 2018 წელს 113-119 პროცენტით ხელფასები გაეზარდათ. ვალდებული ვარ განმარტება გავაკეთო, ამას პოლიტიკოსებისთვის არ ვაკეთებ, ამას მოსახლეობისთვის ვაკეთებ, რათა სიმართლე იცოდნენ. ეს არის დიდი ტყუილი და სიმართლეს არ შეეფერება. რეალურად რა ხდება – 2017 წელს განხორციელდა საჯარო სამსახურის რეფორმა და ძალაში შევიდა 2018 წლის 1 იანვრიდან, რომლითაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ადამიანებს ჰქონდათ ხელფასი, ამასთან, იღებდნენ დანამატს და პრემიებს. ეს მავნე პრაქტიკა წლების განმავლობაში იყო დანერგილი. ახალი კანონმდებლობით, თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაერთიანდა და ამას დაერქვა ხელფასი, პარალელულად თანამდებობის პირებისთვის პრემიები აიკრძალა. არცერთი ჩემი მოადგილე არ იღებს არც პრემიას და არც დანამატს“,- განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, მან კარგად იცის მისი წინამორბედების ხელფასები და პრემიები,რომელთაც, კალაძის თქმით, კარგი მადა და გემოვნება ჰქონიათ, თუმცა თბილისის მერმა ციფრები არ დაასახელა და მედიას მონაცემების გადაგზავნას დაპირდა .
“ჩემი არცერთი მოადგილე არ იღებს არც პრემიას და არც დანამატს”
2019/04/24 11:47:47
ნანახია: 560 ჯერ