პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ თბილისი პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებს. მან TV პირველთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა და კანცელარიასთან გამართული კონტრაქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
“კვირას ალბათ ბევრ ქუჩას გადავკეტავთ და ხალხის ძალას ნახავს ყველა. არ შეიძლება, შანტაჟში ჰყავდეთ მთავრობა, ხელისუფლება, სახლში არავინ არ უვარდება მაგათ და როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, მაგრამ რაღაცას არ დავუშვებთ რა. ერთი რამე იცოდეს ყველამ – არავის არ ჩავატარებინებთ მაგას. რა შუაშია კონსტიტუცია, ვარღვევ რამეს? შეიკრიბონ იმაში რა, ინდოჩინეთში” – თქვა მეუფე იაკობმა.
კითხვაზე, რა ტიპის აქტივობებს აპირებს თბილისი პრაიდის წინააღმდეგ, პატრიარქის ქორეპისკოპოსი პასუხობს – “ნახავთ რა, რასაც გავაკეთებ ნახავს ერი, მე არა ვარ ხელწამოსაკრავი ადამიანი, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვარ. მივიღებ გადაწყვეტილებას და გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია საქართველოსა და ქართველობისთვის”.