საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო, რიგი მწარმოებელი კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან საინფორმაციო საშუალებების მიერ ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა.
კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გამომდინარე იქედან, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ინფორმაციის მოწოდება და ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი განმარტება მოითხოვა: საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციისგან; შპს „დიპლომატ ჰოლდინგისგან“; საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან; მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისგან.
საქართველოს კონკურენციის სააგენტო განმარტავს, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი შეთანხმება, რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა. აღნიშნული შეთანხმების ერთ-ერთ სახეს ეკონომიკურ აგენტებს შორის ფასებზე ან სხვა სავაჭრო პირობებზე შეთანხმება წარმოადგენს“,- ნათქვამია განცხადებაში.