“2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე პასუხისმგებელი პირები ისევ ცდილობენ, შეინარჩუნონ პოზიციები და ახერხებენ იმ ადამიანების აყოლიებასაც, ვისაც ეს მოვლენები არ ახსოვს”, – ასე ეხმიანება საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” აგვისტოს ომის 11 წლისთავს უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი.
პოლიტიკოსი მიმოიხილავს 2008 წლის ომის გარემოებებსა და ხელისუფლების ქმედებებს:
“სამხედროებთან ერთად, ომის შედეგად დაიღუპა 228 ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქე, 1 747 დაიჭრა. დევნილების რაოდენობას კიდევ 30 000-მდე ადამიანი დაემატა, მათ ყველაფერი დაკარგეს!
1. სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა;
2. წაგებისათვის გაწირა ჩვენი ქვეყანა და მეომრები, სასიკვდილო სამიზნედ გამოფინა გორის მოედანზე ჩვენი შვილები;
3. ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები;
4. განზრახ გაწირა, საომარი მოქმედებების ზონიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა;
5. რვა აგვისტოს ჩათვლით არ აღიარებდა რუსეთის მონაწილეობას აგრესიაში, არ მიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო ვითარების შესახებ;
6. რუსეთისვე დაკვეთით დაბომბა წინასწარ მონიშნული, დაცლილი არეალი, თავადვე გადაიღო ეს “ოპერაცია” და კადრები გაავრცელა მსოფლიო მასშტაბით;
7. აგრესორს შეუქმნა შემოჭრისათვის თავის მართლების საფუძველი;
8. “მტრისათვის ნიღაბის ჩამოხსნის” აღსანიშნავი ზეიმი მოაწყო რუსთაველზე;
9. იმავე წელს, თავადვე დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი ომი განაპირობა დაბომბვამ, ხოლო რუსეთმა საპასუხო ქმედება განახორციელა”, – წერს გია ვოლსკი.
გია ვოლსკი – სააკაშვილის რეჟიმმა ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები
06.08.2019 19:29:56

კომენტარები
ნანახია: 594 ჯერ