აქ არის გამიზნული დეზინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომელიც ძალიან უახლოვდება პოლიტიკურ უზნეობას, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ეკა ბესელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ მმართველი გუნდის შენარჩუნება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის ხარჯზე ხდება.
გია ვოლსკი ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის.
„თუ რაიმე ასეთი ინფორმაცია გააჩნია ეკა ბესელიას, აუცილებელია მიაწოდოს ან საზოგადოებას ან სულ მცირე გახადოს ეს ნათელი და ხმამაღლა განაცხადოს ამის თაობაზე. ასე საუბარი, რომ ვიღაცას აშანტაჟებენ, იმდენად არ ახასიათებს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელწერას, რომ მიმაჩნია, რომ აქ უზუსტობას არ აქვს ადგილი, აქ არის გამიზნული დეზინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომელიც ძალიან უახლოვდება პოლიტიკურ უზნეობას. მან ამასთანავე, ძალიან კარგად იცის ვინ იწერდა პირად ცხოვრებას, ვინ ეხებოდა, ვის აშანტაჟებდა და ვისი ხელწერა იყო. როდესაც ასეთი უსაფუძვლო ბრალდებით გამოდიხარ ხელისუფლების წინააღმდეგ ეს მნიშვნელოვანწილად არის ტოლობის დასმა იმ მწამებელ მმართველობასთან, რომლის წინააღმდეგ თვითონ ეკა ბესელია საკმაოდ აქტიურად იბრძოდა ერთი პერიოდი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკი ბესელიას განცხადებაზე – საზოგადოებისთვის გამიზნული დეზინფორმაციაა მიწოდებული
2019/09/24 11:57:23

ნანახია: 501 ჯერ