2015 წლის აპრილში „ნოვიჩოკით“ ბულგარელი ბიზნესმენის ემელიან გებრევის მოწამვლაში შესაძლოა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) 8 ოფიცერი მონაწილეობდა. ამის შესახებ Bellingcat-ის, The Insider-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი გამოძიების შედეგები მეტყველებს.
მათი ინფორმაციით, ბიზნესმენის ორი შესაძლო მოწამვლის დროს ბულგარეთში იმყოფებოდა გენერალმაიორი დენის სერგეევი, რომელიც ასევე შესაძლოა 2018 წელს ქალაქ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამლვაში მონაწილეობდა.
სერგეევის გარდა მოწალვის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ სერგეი ლიუტენკო და პიოტრ ბორისოვი, რომლებიც ბულგარეთში 2015 წლის 15-22 თებერვალს იმყოფებოდნენ. შემდეგ ისინი ივან ტერენტიევმა, ნიკოლაი ეჟოვმა და ალექსეი კალინინმა ჩაანაცვლეს (26 თებერვალი-8 მარტი). 6-11 მარტს ბულგარეთში იმყოფებოდა ვლადიმერ მოისეევი.
გებრევის მოწამვლის დროს, აპრილში ბულგარეთში სერგეევი, ლიუტენკო და ბორისოვი იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, სერგეევი და ГРУ-ს კიდევ ერთი თანამშრომელი დანილ კაპრალოვი ბულგარეთში მაისშიც ჩავიდნენ, როდესაც, სავარაუდოდ, გებრევი მეორედ მოწამლეს.
ჟურნალისტებმა ГРУ-ს ოფიცერთა რეალური სახელები მათი საზღვარგარეთის პასპორტების მონაცემთა საშუალებით დაადგინეს. გარდა ამისა, მათ მონაცემთა რუსულ ბაზებში არსებული ფოტოები შეადარეს იმ ფოტოებს, რომლებიც შენგენის ვიზაზე საბუთების შეტანისას იყო წარდგენილი.
ემელიან გებრევის მოწამვლის მიზეზი უცნობია. თავად ბიზნესმენი ამბობდა, რომ 2008 წელს საქართველოში იარაღის მიწოდებით იყო დაკავებული. ერთ-ერთი ვერსიით, ის შესაძლოა ბულგარელი ოლიგარქებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლას ემსხვერპლა, რუსეთი კი 2014-2015 წლებში ზოგიერთ მათგანს ლობირებდა. კიდევ ერთი ვერსიით, რუსეთის სპეცსამსახურები ფიქრობდნენ, რომ გებრევი იარაღს სირიაში აშშ-ის მოკავშირეებს აწვდიდა, თუმცა ბიზნესმენი აცხადებს, რომ მისი კომპანია ამ მიმართულებით არ მუშაობდა.
2015 წლის 28 აპრილს ემელიან გებრევი, მისი შვილი და ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი მძიმე მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰელსინკის უნივერსიტეტის ლაბორატორიის ქიმიური იარაღის სპეციალისტებმა გებრევის ორგანიზმში ორი ორგანოფოსფატის კვალი აღმოაჩინა. ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ის ნერვული აგენტი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ერთი თვის განმავლობაში გებრები კომაში იყო, შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.