ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა წევრებიც ამაზონის ტყეებში ხანძრების გაჩენაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ ბოლსონარუმ განაცხადა მხარდამჭერებთან საუბრისას, რომელიც მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
„ლეონარდო დიკაპრიო კარგი ბიჭია, არა? მისი ფულით ამაზონის ტყეებში ხანძრებს აჩენენ“, – განაცხადა ბოლსონარუმ, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მას ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გადარჩენა სთხოვა.
ბრაზილიის ჩრდილოეთში, პარას შტატში 25 ნოემბერს დააკავეს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებსაც შტატის ერთ-ერთი დაცული ტერიტორიის, ალტერ-დუ-შაუს ნაკრძალში ხანძრის განზრახ გაჩენაში ადანაშაულებენ. გამოძიების მტკიცებით, ამ ორგანიზაციებმა ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) გააფორმეს კონტრაქტი და ხანძრებთან საბრძოლველად მსოფლიოში ფულის შეგროვების კამპანია წამოიწყეს, ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფინანსებელი კი სწორედ დიკაპრიო იყო.
„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძარის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს.