გენერალური პროკურორის კანდიდატმა დავით ზირაქაშვილმა, გასაუბრება საპროკურორო საბჭოსთან პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ კრიმინალური დაჯგუფება უწოდა და თქვა, რომ მისი მოტივაცია ამ პოზიციაზე დანიშვნისა სწორედ ეს არის.
ზირაქაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას და ამბოხს ცდილობდა და მას გენერალური პროკურორის პოზიციიდან, მსგავსი ფაქტების პრევენციის შესაძლებლობა ექნება.
ამის შემდეგ საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, თუ რამდენად აპოლიტიკურია კანდიდატი, რაზეც მან უპასუხა, რომ პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ ნიშნავს იმას, რომ დანიშვნის შემთხვევაში ის პოლიტიკოსი იქნება და მას ამ ეტაპზე ამ განცხადების კეთების საშუალება აქვს.
გენერალური პროკურორობის მსურველი სულ 16 კანდიდატია, აქედან საბჭომ უკვე ოთხ კანდიდატს მოუსმინა.
გასაუბრების შემდეგ საპროკურორო საბჭო საუკეთესო კანდიდატურას გამოავლენს, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.