ნელ-ნელა ეს აქციები გადადის მოსაბეზრებელ ფაზაში, ვატყობთ, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობაც მცირდება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
ნიკოლეიშვილი ოპოზიციის მიერ, პარლამენტთან ხვალ დაგეგმილ აქციასა და ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება სხვადასხვა აქციას, რომელსაც აქვს ისეთი მუხტი, რომელიც ერთგვარ მორალურ ზეგვალენას, მითითებას, დატუქსვას ემსაურება, ვფიქრობ, ეს პოლიტიკურად ძალიან წამგებიანია, ვინაიდან ნელ-ნელა ეს აქციები გადადის მოსაბეზრებელ ფაზაში, ვატყობთ, რომ მათი მხარდამჭერებიც რაოდენობაც ნელ-ნელა მცირდება . ამის მიზეზია ის, რომ საზოგადოება დაიღალა. მეორე მხრივ, ცოტა სხვანაირად უყურებენ პროცესებს. მათ ურჩევნიათ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება. საკმაოდ სერიოზული სიბრძნე გააჩნია საზოგადოების ნაწილს, ძალიან კარგად არჩევენ ერთს მეორისაგან . თავად იღებენ გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთან, მიუხედავად მანიპუალციისა და ან ზეწოლისა, ამა თუ იმ პარტიების მხრიდან, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საშინელი, აპოკალიფსური სურათი დახატონ.
დაანონსებულ აქციას წინ ვერაფერი აღუდგება, თუ ის კანონის ფარგლებში იქნება განხორციელებული. მოგეხსენებათ, ოპოზიციას თავისი გეგმები აქვს. ამ შემთხვევაში, უკეთესი იქნებოდა, ეს გეგმები ემთხვეოდეს კანონიერ ფორმებს. პროტესტის ნებისმიერი გამოხატვის უფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. მეორე მხრივ, ძალიან ცუდია, თუ კონსენსუსის საშუალება ვერ იქნა გამონახული ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს შროის. გარკვეულ წარმომადგენლებს იმიტომ ვამბობ, რომ იქ არიან გარკვეული ძალები, რომელთაც არ აწყობთ ასეთი პროტესტის ფორმები. მათ უფრო ურჩევნიათ ხელისუფელბის მიერ შემოთავაზებულ დიალოგის რეჟიმში ყოფნა. ამას ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც მიესალმებიან“- განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, საარჩევნო სისიტემის საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფორმატი არსებობს, რომლის ფარგლებშიც უკვე ოთხი რაუნდი გაიმართა. მმართველმა გუნდი ოპოზიციას ახალ მოდელს სთავაზობს. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდეს.
ხვალ ოპოზიცია საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავს.