ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს:
“შუადღეზე 15 წუთით გავედი სახლიდან, აქვე, დოლიძეზე, ვიყიდე რაც მჭირდებოდა და სასწრაფოდ დავბრუნდი უკან. სხვაგან არ ვიცი რა ხდება, მაგრამ აქ ჩვეულებრივად დადიოდა ხალხი ქუჩაში, მანქანას ვერსად გააჩერებდი, მაღაზიაში და აფთიაქში რიგები იყო და არავინ იცავდა ერთ მეტრიან დისტანციას.
ასე ვირუსის გავრცელებას ვერ შევაჩერებთ. არ ვუყურებდე მაინც, რა ხდება ესპანეთში! ოცი ათასს ასცდა დაინფიცირებულთა რიცხვი, ათასს- გარდაცვლილების.
არ ჰყოფნით ექიმები, საავადმყოფოები. სამ და ხუთიათას კაციან საველე ჰოსპიტალებს ამზადებენ, სადაც მძიმე (პრაქტიკულად უიმედო) ავადმყოფების განთავსებას აპირებენ. 9000 საწოლი მოამზადეს სასტუმროებში შედარებით მსუბუქი შემთხვევებისთვის.
ჩვენი მთავრობა ჯერ-ჯერობით უშეცდომოდ მოქმედებს, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა შევუწყოთ ხელი! მაინცდამაინც კომენდანტის საათით უნდა დაგვემუქრონ და იარაღი დაგვადონ შუბლზე, რომ დავეტიოთ სახლებში? რომ გიხარიათ, ჩინეთში იკლო ახალმა შემთხვევებმაო, გადასარევი ამბავია, მაგრამ იმ ტალღამ ახლა ევროპას დაარტყა და მართალია რამდენიმე წამალს ცდიან, ჯერ არც ერთზე არ უთქვამთ დაბეჯითებით, რომ კორონავირუსს კურნავს. და ბოლოს, აქ, ფეისბუქზე, ბევრ „მე საერთოდ არ მეშინია კორონავირუსის“ ტიპის ვაჟკაცურ პოსტს ვკითხულობ და რა მონაცემებზე დაყრდნობით ხართ ასე არხეინად, იქნებ მეც მითხრათ და დამამშვიდოთ”– წერს თეა გვასალია.
