არის საშიშროება, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტი ერთსქესიანთან ქორწინებას დააკანონებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულობის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ დღეს „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საკითხი იმ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში, თუ 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, არ ჩატარდება რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, რომ ქორწინება საქართველოში ეს არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.
„პირდაპირ გეტყვით, მაქვს ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ პარლამენტში, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების საბაბით, აუცილებლად იქნება დირექტივები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხზე.
შესაბამისად, თუ ახლა ეს არ მოხდა, არის დიდი საშიშროება, რომ მომავალი პარლამენტი მიიიღებს ქართველი ერის სურვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას და დააკანონებს ერთსქესიანთა ქორწინებას. ამას დღეს ყველა მალავს, მაგრამ ერთ წელში თავად ნახავთ, რომ როგორც დისკრიმინაციული კანონი მიიღეს, ასევე მიიღებენ ამ გადაწყვეტილებასაც“, – განაცხადა ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 4 საათზე უნდა ჩატარდეს ის სხდომა, სადაც რეფერენდუმის გამართვის საკითხი განიხილება. ბრეგაძე აღნიშნულ საკითხს სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ ცესკოზე განხორციელებული ზეწოლის გამო, გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება.