აღდგომის ლიტურგიის ჩატარების თაობაზე ეკლესიის გადაწყვეტილება დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
მეუფე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ესწრება. მან ასევე ბზის გაყიდვასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება.
„ეკლესია არაფერ კავშირშია ბზის გაყიდვასთან, არიან ადამიანები ვინც ჭრიან ბზას და ყიდიან, ადამიანებს სჭირდებათ ეს ბზა და ყიდულობენ. მე ქუჩაში ვერ დავდგები, რომ ეს გავაკონტროლო.
რაც შეეხება აღდგომის მსახურებას აქ სალაპარაკო და სამსჯელო არაფერია, ეს სწრაფად მისაღები გადაწყვეტილებაა, რომელსაც სავარაუდოდ, დიდ ხუთშაბათს მივიღებთ. დიდ ხუთშაბათს კი იმიტომ ველოდებით, რომ მოვლენები ვითარდება და ველოდებით სწორედ ამ მოვლენების განვითარებას,” – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
ერთ კვირაში მრევლი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს. პატრიარქმა მრევლს უთხრა, რომ მსოფლიო პანდემიის გამო, ტაძრის კარი არ დაიხურება. ასევე, მრევლს მისცა რეკომენდაციებიც, რომ ეკლესიებსა თუ მის გარეთ, დისტანცია დაიცვან.
პატარა ტაძრების მრევლს კი, პატრიარქი მოუწოდებს, ღია ცის ქვეშ ილოცონ და ვისაც დასნებოვნების შიში აქვს, ან რისკ-ჯგუფშია, სახლში დარჩეს.
სასულიერო პირების ნაწილი კი ამბობს, რომ მსახურების შეწყვეტა მათთვის ეკლესიის დევნის ტოლფასია და მსოფლიო ეპიდემიის დროსაც ტაძრებში ლოცვის ხმა უნდა ისმოდეს.
სასულიერო პირების ნაწილმა მრევლს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ლოცვა ეკლესიის გარეთაც, სახლშიც შეიძლება.
კომენდანტის საათის პირობებში და კორონავირუსის საფრთხის გამო, როგორ ჩატარდება ტაძრებში აღდგომის ღვთისმსახურება, ამ დროისთვის უცნობია.
საქართველოს საპატრიარქოსა და ეკლესიას შორის ამ საკითხზე კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოქალაქეებს პრემიერიც მოუწოდებს.