საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვალერი გელაშვილმა უკრაინულ თოქ-შოუში სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილის წარსულსა და კრიმინალურ საქმიანობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილის არჩევა მაღალ თანამდებობაზე არ შეიძლება. „სააკაშვილი კრიმინალია, დამნაშავეა და არ შეიძლება მისი არჩევა მაღალ თანამდებობაზე“, – აღნიშნა გელაშვილმა.
„მე ოპოზიციონერი დეპუტატი ვიყავი, როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა ჩემთვის ქონება წაერთმია, ისევე როგორც ჩამოართვა და წაართვა საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქეს. მე მას ამის გამო ღიად და საჯაროდ ვაკრიტიკებდი და სწორედ ამისთვის თბილისის ცენტრში სასიკვდილოდ მცემეს. პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის სახელწოდებაა „ხალხის მსახური“ და ჩემი თხოვნაა გაითვალისწინოთ ქართველი ხალხის აზრიც, რომ ეს ადამიანი კრიმინალია, დამნაშავეა და არ შეიძლება მისი არჩევა მაღალ თანამდებობაზე“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია ,,112“-ის პოლიტიკურ თოქ-შოუ „პულსი“-ს ეთერში.
ვალერი გელაშვილმა გადაცემაში სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა, მისივე თქმით, სამართლიანი იქნება, რომ სააკაშვილი ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებს გადმოეცეს, რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს.
„იმ დროს ხალხს იმდენად ეშინოდა, რომ როდესაც სააკაშვილი მათ კერძო საკუთრებას, ართმევდა, ისინი ამის შესახებ არც კი ჩიოდნენ. მაგრამ ახლა უკვე პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ ბევრი ასეთი ფაქტი გამოიძია. სააკაშვილი უნდა იჯდეს საქართველოს ციხეში, რადგანაც მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენს ქვეყანაში. მან ბევრ ქართველ ბიზნესმენს ჩამოართვა კერძო საკუთრება და დღემდე ქართული სახელმწიფო ვერ ახერხებს ბევრი მათგანისთვის წართმეული ქონების უკან დაბრუნებას, რადგანაც უზარმაზარ თანხებზეა საუბარი, რომელიც მან წაიღო“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.