„ადამიანი, როდესაც დანაშაულს სჩადის, ადრე თუ გვიან მაინც ხვდება ციხეში. გამოუძიებელი და დაფარული არაფერი არ არის. ეს ისეთი საქმე იყო, რომელიც აუცილებლად გაიხსნებოდა“, – ამის შესახებ ე.წ. კანიბალიზმის საქმის მონაწილემ, მსჯავრდებულმა ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილმა “იმედის კვირასთან” ინტერვიუში თქვა.
დღეს ყოჩიაშვილი ჟურნალ „გზის“ რედაქტორს დაუკავშირდა და სთხოვა მისი წერილი დაებეჭდათ.
როგორც რედატორი წერს, ერთგვარ აღსარებას და სინანულს ელოდა…
ამონარიდები ინტერვიუდან:
“ჩემი თავგადასავალი საკმაოდ მძიმე მოსასმენია. ნაშვილები ვარ. მშობლები, რომლებმაც მიშვილეს, ფიზიკურად ძალადობდნენ ჩემზე, ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, არაადამიანურად მექცეოდნენ, სასტიკი მოპყრობითა და წამებით მსჯიდნენ, წამართვეს ცხოვრება, სიცოცხლის სურვილი…
„ჩემს მეხსიერებაში და ჩემს მოგონებებში ცოცხლობდა მშობელი დედა, რომელიც მზრდიდა; სახლი, სადაც ვიზრდებოდი. დედაჩემი მაღალი, გამხდარი, გრძელ კაბაში ჩაცმული ქალი იყო მწვანე თვალებით, ტალღოვანი გრძელი შავი თმით…
ხშირად არაადამიანური ხმით ვღრიალებდი, ვტიროდი, ნერვიული შეტევები მქონდა, კრუნჩხვებში ვვარდებოდი. მოხეტიალე სულივით დავიარებოდი.
ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეული შეშლილივით ვკიოდი, ოჯახის წევრებისგან ვითხოვდი, რომ ჩემი თავი მშობელი დედისთვის დაებრუნებინათ, საკუთარ სახლში წავეყვანეთ. ის დედა მენატრებოდა, რომელიც ძილის წინ ზღაპრებს მიკითხავდა…“
„გადავწყვიტე ცოტაოდენი ფული მეშოვა და მიწისქვეშა გადასასვლელში დავჯექი, მოწყალების თხოვნა დავიწყე იმ ბავშვებთან ერთად, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლებიიყვნენ…
„სხვა სული ჩასახლდა ჩემში და 2013 წელს წიგნის წერაც დავიწყე. სიტყვები, წინადადებები ყურში ჩამესმოდა, არაამქვეყნიური, არაადამიანური ხმით.
შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ კადრებს ვხედავდი გახელილი თვალებით, ყველაფერი ფილმის ეპიზოდებივით ტრიალებდა; დედამიწის არარსებულ ფერებს ვხედავდი, როგორც კომის დროს ის პაციენტები ხედავენ, რომლებმაც მძიმე ტრავმები გადაიტანეს…“
„უცნაური ხილვები მაქვს და ვფიქრობ, ამ ყველაფრის ახსნას მხოლოდ ნათელმხილველი ან ექსტრასენსი შეძლებს, რომელსაც ასევე დამეხმარება ჩემი ნამდვილი მშობლების პოვნაში.
სამყარო მესაუბრება, რომ ამის დრო მოვიდა. ჟამი დადგა შეხვედრის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მეძებს, ტირის, განიცდის და მოსვენებას ვერ ვპოულობ“…