პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატმა მოსამართლის კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა და აღნიშნა, რომ მოსამართლის მეუღლე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია, რომელიც პირდაპირ თავის პოზიციას აფიქსირებს, რის გამოც მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძვლებს იძლევა.
„დადასტურებულად ვიცით, რომ მას არ აქვს წარმოდგენა არც საქართველოს კონსტიტუციაზე, არც კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ რამდენიმე თვის წინ იგი არ დაარღვევდა ორგანულ კანონს, არ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს და არ იქნებოდა მხილებული უბრალოდ ნორმების არცოდნაში. სადაც ეს ნორმები არ იცის ბატონმა ხუჭუამ, მაშინ რა გარანტიაა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იცის ზედმიწევნით?
ბატონმა ხუჭუამ რომ საქართველოს კონსტიტუცია არ იცის და არც საქართველოს ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. როგორც ჩანს, არც ბანგალორის პრინციპები გაუგია ბატონ მოსამართლეს და არც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტები, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლეს შეუძლია საუბარი თავისი გადაწყვეტილებებით.
ის არ არის პოლიტიკოსი, რომ პოლიტიკური განცხადებებით იყოს წარმოჩენილი საზოგადოებაში, მაგრამ არახალია, რომ მოსამართლე ხუჭუა დადის სხვადასხვა ტელეეთერში, სხვადასხვა მედიებთან აქვს კომუნიკაცია, რაც პირდაპირი დარღვევაა იმ ფუძემდებლური პრინციპის, რომელიც ბანგალორის პრინციპებით არის ცნობილი. ჩათვალეთ, რომ დაახლოებით ჰიპოკრატეს ფიცი რომ დაარღვიოს ექიმმა, ასეთ დარღვევას ვხედავთ ბატონი ხუჭუასგან“, – განაცხადა გორდულაძემ.
ჰიპოთეზურ დაშვებაზე დაფუძნებული და პოლიტიკური ნიშნით გაჯერებული სარჩელი – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო. მოსამართლე იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის გამოყენებაც მის განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებში არ უწევდა.
საქმე ეხება სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლების გამკაცრებულ კანონმდებლობას.
