უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით, დაველოდოთ, რა ხელშესახებ საკითხებში გარდაიქმნება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან განცხადებები თუ სატელეფონო ზარები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „საქართველოს ხელისუფლება დგას იქ, სადაც ოთხი წლის წინ იყო – საკუთარი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე“.
„ჩვენი გუნდი და ხელისუფლების მთელი ვერტიკალი, იქნება ეს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინელი ლტოლვილების უფლებები ზუსტად იმავე ჭრილში იყოს დაცული, როგორც მაგალითად, ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა უფლებები. ასობით სკოლის მოსწავლეს შეუძლია, უკრაინულ ენაზე მიიღოს სასკოლო განათლება. ასობით რეზოლუციაა, სადაც ჩვენმა გუნდმა, ქვეყანამ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინული სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხისადმი. მაშინ როდესაც არაერთი ქვეყანა, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, თავს იკავებდა, ყოფილიყო თანაავტორი კონკრეტული საჩივრის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ მტკიცე მხარდაჭერა გამოვხატეთ. პარალელურად, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ვისმენდით უკრაინის მოქმედი ხელისუფლების სხვადასხვა უმაღლესი თანამდებობის პირთა განცხადებებს. გვეუბნებოდნენ, რომ კარგი ამინდია ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტანკებით გასასეირნებლად. მთავრობის თანხმობით თურმე უნდა გაგვეგზავნა ჩარტერული რეისები, სადაც იქნებოდნენ მოხალისეები. ეს პირდაპირ ომში ჩართვას გულისხმობდა. მეორე საფუძველი, რის გამოც საქართველოდან ელჩი გაიწვიეს, რომელიც არც დაბრუნებულა, მიუხედავად საჯაროდ გაკეთებული განცხადებისა – თურმე ეკონომიკური სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს და ამით ჩვენი ეკონომიკა ჩამოვანგრიოთ. ასეთი განცხადებები არსად წასულა. ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ოთხი წლის წინ ვიდექით. ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ამავდროულად, უკრაინელ ხალხთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.
რაც შეეხება უკრაინის მოქმედი ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს, ვნახოთ, დაველოდოთ, რა ხელშესახებ საკითხებში გარდაიქმნება ეს განცხადებები, გასაუბრება თუ სატელეფონო ზარები. ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ. მეორე მხრიდანაც უნდა იყოს კონკრეტული ხელშესახები ნაბიჯები გადადგმული, იქნება ეს დასანქცირების საკითხი თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში მსჯავრდებული დამნაშავეების საქართველოსთვის გადმოცემა, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობას იკავებენ, იქნება ეს გია ლორთქიფანიძე თუ ადეიშვილი. არც ელჩია დანიშნული და ადგილზე გამოგზავნილი. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი აგრემანი უკვე გაცემულია. ყველას გვახსოვს, როგორ აფრიალებდნენ მიხეილ სააკაშვილის სურათებს, თურმე მისი უფლებები ირღვეოდა. შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის არავითარი უფლება არ ირღვეოდა. არავის დავიწყებია განცხადებები, მაგალითად, ტანკებით გასეირნების მოწოდება თუ შეხიდება გარდაცვლილ ადამიანებში; ჩარტერული რეისით მოხალისეების გაგზავნის მოწოდება, ამავდროულად სანქციების დაწესება. ეს პირდაპირი მცდელობა იყო, ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო. ყველაზე რბილი შეფასებით, ეს არამეგობრული დამოკიდებულებაა. სწორედ ამიტომ, უკრაინელ ხალხთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებოდით“, – განაცხადა გორდულაძემ.
