ევროკავშირის ლიდერები ვლადიმირ პუტინთან პოტენციური მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან, რადგან ევროპული დედაქალაქები სულ უფრო მეტ იმედგაცრუებას განიცდიან უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების გამო, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ევროკავშირს აქვს პუტინთან მოლაპარაკებების „პოტენციალი“ და ბლოკს ასეთი დიალოგისთვის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა აქვს.
„მე ვესაუბრები ევროკავშირის 27 ლიდერს, რათა ვიპოვოთ ორგანიზების საუკეთესო გზა და განვსაზღვროთ, რა უნდა განვიხილოთ ეფექტურად რუსეთთან, როდესაც ამისთვის შესაბამისი მომენტი დადგება“, – განაცხადა კოშტამ.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, გასულ თვეში კვიპროსზე გამართულ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, ზელენსკიმ ევროპელებს შესთავაზა, „მზად იყვნენ მოლაპარაკებებში პოზიტიური წვლილის შესატანად“.
ამავდროულად, კოშტამ აღნიშნა, რომ მოსკოვი ჯერჯერობით არ ავლენს ეფექტური მოლაპარაკებებისთვის მზაობის არანაირ ნიშანს.
ზელენსკის ოფისში კოშტასთან ამ საკითხის განხილვა დაადასტურეს. „ჩვენ გვჭირდება მეტი კოორდინაცია ევროპულ დონეზე“, – განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ ეს შეიძლება მოხდეს ერთი ლიდერის მონაწილეობით, რომელიც რუსეთთან ევროპელების სახელით ისაუბრებს, რათა მოსკოვზე ზეწოლა გაიზარდოს.
ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა, კერძოდ, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა კრემლთან მოლაპარაკებების არხის გახსნის საკითხი დააყენა. თუმცა, 27 ქვეყანას შორის არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაინიშნოს ბლოკის წარმომადგენლად ამ მოლაპარაკებებში, როდის უნდა დაიწყოს ისინი და როგორი უნდა იყოს პუტინისთვის წარდგენილი შეთავაზება.
ახლახან ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა უკვე ახლა უნდა დაგეგმონ თავიანთი მოქმედებები იმ დროისთვის, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და განსაზღვრონ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მოდელი, რადგან ეს შეიძლება მოხდეს სწრაფად და მოულოდნელად.
წლის დასაწყისში კარისმა და ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევისა სილინიამ მოითხოვეს რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა.
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა არ უნდა სთხოვონ რუსეთს მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად, არამედ პირიქით, ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩააყენონ იგი, რომ მოსკოვი თავად გადავიდეს რეალურ დიალოგზე.
