ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელელი ჯარისკაცები სამოქალაქო პირების სახლებს სამხრეთ ლიბანსა და ღაზაში ღიად ძარცვავენ. თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ამ პრაქტიკას „მორალურ ლაქას“ უწოდებს, თუმცა ჯარისკაცების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, პრაქტიკულად, არ ხორციელდება.
ისრაელის გამოცემების, Haaretz-ისა და Ynet-ის რეპორტაჟებში აღნიშნულია, რომ ისრაელელი ჯარისკაცები სისტემატურად ძარცვავენ სამოქალაქო პირების ქონებას სამხრეთ ლიბანსა და ღაზის სექტორში; მათ მიაქვთ ტელევიზორები, მოტოციკლები, ავეჯი, სამკაულები, ხალიჩები, სამზარეულო ტექნიკა და პირადი ფოტოებიც კი.
რეზერვისტები, რომელთა ციტირება მედიასაშუალებების მიერ ანონიმურობის დაცვის პირობით ხდება, ძარცვას აღწერენ, როგორც „თავხედურ და დამკვიდრებულ პრაქტიკას“.
„ყველა, ვისაც რამე მიაქვს – ტელევიზორი იქნება ეს, სიგარეტი თუ ხელსაწყოები – ამ ნივთებს, უბრალოდ, თავის მანქანაში ალაგებს. ამას არავინ მალავს, ამას ყველა ხედავს და ამის შესახებ ყველამ იცის“, – განუცხადა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა Haaretz-ს.
სხვა ჯარისკაცმა კი Ynet-ს უთხრა, რომ ღაზაში ამ ფენომენმა აბსურდულ უკიდურესობას მიაღწია: „სატვირთო მანქანაზე ვიღაცამ დივანი აიტანა და ამის გამო გიჟური ჩხუბი ატყდა. შვიდი თვის წინ, ყველა დანაყოფმა თავისი საერთო ოთახები ღაზიდან წამოღებული ნივთებით – მისაღები ოთახის სრული კომპლექტით – მოაწყო“.
აპრილის ბოლოს, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა ეიალ ზამირმა ძარცვა საჯაროდ დაგმო და მას „სირცხვილი“ და სამხედრო ძალების „მორალური ლაქა“ უწოდა. „ჩვენ არ გავხდებით მძარცველების არმია“, – განაცხადა მან და სამხედრო ქვედანაყოფების მეთაურები მოსალოდნელი მკაცრი ზომების შესახებ გააფრთხილა.
თუმცა, ჯარისკაცები ამბობენ, რომ დისციპლინა არ კონტროლდება. Haaretz-ი იტყობინება, რომ მეთაურებს არ სურთ რეზერვისტების დასჯა, რადგან შიშობენ, რომ ეს შეაფერხებს მათ ხელახალ გაწვევას იმ პირობებში, როდესაც არმიის რესურსები ისედაც ამოწურვის პირასაა. ლიბანის საზღვარზე არსებული საკონტროლო პუნქტები, რომლებიც მოპარული ნივთების ისრაელში შეტანის აღსაკვეთად შეიქმნა, დიდწილად, მხოლოდ ფორმალურად ფუნქციონირებს.
ოფიციალური მონაცემები ხაზს უსვამს იმ უფსკრულს, რომელიც რიტორიკასა და ქმედებებს შორის არსებობს. Ynet-ის ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში ღაზაში ძარცვის შესახებ მხოლოდ ცხრა საჩივარი შევიდა, რასაც მხოლოდ ერთი საბრალდებო დასკვნა მოჰყვა და ისიც, საბოლოოდ, საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ღაზაში ძარცვის შემთხვევებმა იკლო. თუმცა, არა გამკაცრებული კონტროლის გამო, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ერთმა წყარომ Ynet-ს უთხრა, „წასაღები თითქმის აღარაფერი დარჩა“.
ჯარისკაცები თავიანთ ქმედებებს სხვადასხვაგვარად ამართლებენ: მათი არგუმენტი ის არის, რომ იმ სახლებში არსებული ქონება, რომელთა დანგრევა ან აფეთქება იგეგმება, მაინც განადგურდება; ან ქურდობას ისინი განიხილავენ, როგორც კომპენსაციას, სარეზერვო სამსახურის დროს გადატანილი პირადი სირთულეებისთვის.
Haaretz-ი აღნიშნავს, რომ ძარცვის შემთხვევები ისრაელის წინა კონფლიქტების დროსაც ხდებოდა, მათ შორის 1948, 1956, 1967 წლების ომებში და ლიბანის პირველი ომის დროს 1982 წელს. თუმცა, გამოცემის თქმით, ამჟამინდელი სიტუაცია სახელმწიფოს მხრიდან პასიურობით გამოირჩევა. მთავრობა, მართალია ღიად არ უჭერს მხარს ძარცვას, მაგრამ მის შესაჩერებლად არანაირ ქმედით ნაბიჯს არ დგამს.
წყაროები: „პოლონეთის რადიო“, პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)
