პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე. მან განაცხადა, რომ ერევნის სამიტზე ზელენსკიმ გამოავლინა ინიციატივა საქართველოსთან მიმართებით. დეპუტატის აზრით, ეს განპირობებულია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სწორი პოზიციონირებით:
„უკრაინის ხელისუფლება მიხვდა, რომ საქართველომ სწორი პოზიციონირებით ისეთი ადგილი დაიკავა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს უნდა საქართველოსთან პარტნიორობა. ვფიქრობ, ამიტომ წამოვიდა ზელენსკისგან ჟესტი“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის განცხადებები და ნაბიჯები საქართველოს მისამართით იყო უსამართლო, მაგრამ თუ უკრაინული ხელისუფლება ამას აღიარებს, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ მეგობრული გახდება.
„ვფიქრობ, ზელენსკიმ და უკრაინის ხელისუფლებამ დაინახა ის რეალობა, რაც შექმნა საქართველომ – ჩვენ სწორი პოზიციონირებით შევძელით ის, რომ უკვე ევროკავშირიც დაინტერესებულია ჩვენთან ურთიერთობით; აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციაც პირდაპირ აცხადებს, რომ მაისში აგზავნის დელეგაციას საქართველოში, რათა გადაიდგას ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. ეს ის რეალობაა, რასაც „ხალხის ძალა“ ვამბობდით: ვინც დაგველაპარაკება, როგორც პარნიორ ქვეყანას, ჩვენც მათთან გვექნება მეგობრული დამოკიდებულება. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, სამწუხარო მოცემულობად რჩება ის, რომ მან არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა
. თუმცა, ფაქტია, ვერაფერი გაამართლებს იმ განცხადებებსა და ქმედებებს, რაც მოდიოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს მისამართით. ომის დაწყების დღიდან, საქართველო უკრაინის გვერდით იდგა, იქნებოდა ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ საერთაშორისო პლატფორმებზე 600-მდე რეზოლუციაში უკრაინის მხარდაჭერა. ამის მიუხედავად, უკრაინის მხრიდან იყო მოწოდება, შეიცვალოს ხელისუფლება, გაათავისუფლონ სააკაშვილი, გაიხსნას მეორე ფრონტი – ძალიან მძიმე განცხადებები. ამას, რა თქმა უნდა, ვერ დაივიწყებ, მაგრამ მოცემულობაა, რომ ინიციატივა მოდის უკრაინისგან. როგორც ჩანს, რაღაცები გადააფასეს და მიხვდნენ, რომ საქართველომ სწორი პოზიციონირებით ისეთი ადგილი დაიკავა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს უნდა საქართველოსთან პარტნიორობა. ვფიქრობ, ამიტომ წამოვიდა ზელენსკისგან ჟესტი, რომელიც ვნახეთ სამიტზე. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, უნდა მოვითხოვოთ, უკრაინის მიერ დაფიქსირდეს, რომ მათი განცხადებები და ქმედებები იყო არასწორი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ გვქონდა და არც გვექნება უკრაინულ საზოგადოებასთან“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
