პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, დავით გარეჯის შესახებ პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენთვის ის ინფორმაციაა ცნობილი, როგორც პროკურატურის მხრიდან იყო გაცხადებული. წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე ისე, რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესები, მაგრამ ჩემი და ოპონენტების მოსაზრებები აქ არაფერ შუაშია, არც წინა საარჩევნო თემები. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საგანგებო საკითხი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად გამოძიებული“, – აცხადებს გია ვოლსკი.
პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით) გამოძიება მიმდინარეობს.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
