ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026“ გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან, დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ფერმერების მხარდაჭერასა და ქართული თაფლის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ მთავრობის ხელშეწყობით, 2026 წელს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ფინანსდება და მიმდინარეობს ფერმერების თანადაფინანსებაც. ასეთი ღონისძიებების ორგანიზება კი, დამატებითი ბერკეტია მეფუტკრეების შესაძლებლობების გაზრდისა და მოტივაციის გაძლიერებისთვის.
ფესტივალის ფარგლებში, სასტუმროების, რესტორნების წარმომადგენლებსა და მეფუტკრეებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება, რაც ფერმერებს დაეხმარება ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვაში, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, HoReCa სექტორთან ბიზნეს კავშირების დამყარებასა და პროდუქციის რეალიზაციაში.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მეფუტკრეობის დარგის განვითარებას, ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერასა და ქართული თაფლის ცნობადობის გაზრდას. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 40 – ზე მეტმა მეფუტკრემ მიიღო მონაწილეობა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ და შეეძინათ აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში წარმოებული მეფუტკრეობის პროდუქტები.
ფესტივალს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც ესწრებოდნენ. აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა გასართობი და კულტურული აქტივობაც გაიმართება.
შავი ზღვის თაფლის ფესტივალი ბათუმში მეცხრედ ტარდება. ღონისძიებას, რომელიც აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
