იქნება თუ არა გამოყენებული გარეჯის საკითხი წინასაარჩევნო მიზნებისთვის, ამასთან დაკავშირებულ შეკითხვას “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.
“თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ საერთოდ არ ვერევით ამ საკითხში. ერთადერთი ჩვენი მოწოდება არის ის, რომ მაქსიმალურად დაიდოს ყველა მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად ამ ყველაფერზე. რადგან არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და თემა არის მგრძნობიარე, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ამ საკითხის მეტი პოლიტიზება არ შეიძლება, მაგრამ ამ ფონზე თქვენ ნახეთ, რომ თვითონ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა სააკაშვილმა, გვარამიამ და სხვებმა, თვითონ სცადეს ამ საკითხის პოლიტიზირება. მათ შორის, სააკაშვილმა, არ ვიცი წამოცდენა იყო თუ რა იყო, რომ 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში, არ ვიცი, ამან დამატებით გააღრმავა ბუნებრივია ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იქ შეიძლება რაიმე მძიმე იყოს. დაველოდოთ გამოძიებას და მოვუწოდოთ გამოძიებას, რომ რაც შეიძლება მალე გაასაჯაროვონ ამ საქმის დეტალები,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციაა და “ქართული ოცნება” ცდილობს მას ქართული მიწის გაყიდვა დააბრალოს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა