პარტიის თავმჯდომარემ ერთგვარი ანგარიში ჩააბარა საზოგადოებას, თუ რა გაკეთდა ამ დროის მანძილზე ყველა მიმართულებით, დარგების მიხედვით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ 8 წლიანი ანგარიშის წარდგენის შეფასებისას.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გამოწვევები არსებობს.
„პროგრამის პრეზენტაციაზე საუბარი იყო განვლილ 8 წელზე. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებობს გამოწვევები და პრობლემები. ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს არის ასევე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მომდევნო წლების განმავლობაში ამაზე მოგვიწევს კიდევ უფრო მეტი მუშაობა“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დარგების მიხედვით, კიდევ უფრო დეტალური პრეზენტაციები მოეწყობა.
„უახლოეს დღეებში, დარგების მიხედვით, კიდევ უფრო დეტალური პრეზენტაციები მოეწყობა და მივაწვდით ამომრჩეველს ინფორმაციას თუ რა არის დაგეგმილი მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა გაკეთდება. რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებას და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამ მიმართულებით იქნება ბევრი სამუშაო“ – განაცხადა კახა კალაძემ.