საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოქალაქეების და ბიზნეს სექტორის დასახმარებლად ახალი დახმარების პაკეტი დააანონსა,- ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან განაცხადა პრინციპი რესურსების რაციონალური გადანაწილების, პირველ რიგში, როგორც ბიზნესის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩვენ დავიწყეთ უკვე ახალი ტალღა მუშაობის, მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული როგორც კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაწილში, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში.
რამდენიმე კარგად აპრობირებული მექანიზმი, რომელმაც კარგად იმუშავა წინა ეტაპებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად, ეს გახლავთ მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათი მიზნობრივ-სოციალური მხარდაჭერა ყველაზე მოწყვლადი ოჯახების, ისევე როგორც ყველაზე ასე ვთქვათ, დარტყმის ქვეშ მყოფი ბიზნეს სექტორების საგადასახადო შეღავათების მთელი პაკეტი, რომელიც აქამდე არსებობდა. ჩვენ ახლა ამ ყველაფრის მოდერნიზებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ შეხვედრები როგორც კონკრეტულ სექტორალურად ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან, რათა ერთად ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას, შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი. მეორე, ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ამისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს როგორც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უახლოეს პერიოდში ამ ჯგუფის მუშაობის შედეგები ყველასთვის ნათელი გახდება. ეს იქნება ჩვენი, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ კრიზისში მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.