„ევროპული საქართველოს“ მომავალ ყრილობაზე დავით ბაქრაძე პარტიის თავმჯდომარედ კენჭს აღარ იყრის. ამის შესახებ პარტიის ოფისში სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
„ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, პარტიის მომავალ ყრილობაზე, რომელიც გაიმართება არაუგვიანეს მაისისა, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ამის პირველი მიზეზია პარტიის განახლების აუცილებლობა. დღეს საზოგადოების დაკვეთაა, რომ პარტიაში და მთლიანად ოპოზიციაში ჩნდებოდნენ ახალი სახეები და არ არსებობდნენ მუდმივი ლიდერები. ვფიქრობ, რომ ჩემი 4-წლიანი თავმჯდომარეობა პარტიისთვის იყო კარგი, მაგრამ კიდევ 4 წლით დარჩენა იქნებოდა ცუდი. ევროპულობა გულისხმობს შიდა კონკურენციას, მუდმივ განახლებასა და როტაციას. მეორე მიზეზია შექმნილი პოლიტიკური ვითარება და არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგები. გაყალბების მიუხედავად, ეს შედეგები ჩვენი პარტიისთვის იყო ცუდი. ამ შედეგზე პასუხისმგებლობა პარტიის ლიდერმა უნდა აიღოს. არა იმიტომ, რომ ეს ლიდერის ბრალია – ძალიან ბევრი ხმა პარტიამ სწორედ დავით ბაქრაძის გამო მიიღო. ამიტომ საუბარია არა ბრალეულობაზე, არამედ პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.