არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ შედეგი იყო ძალიან ცუდი, ვიღებ პასუხისმგებლობას და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას უკეთესად გააკეთებდნენ, – ამის შესახებ გიგი უგულავამ „ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს. მან აღნიშნა, რომ პარტიის მომავალ ყრილობაზე აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს.
„მომავალ ყრილობაზე აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე, სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგულ ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად“, – განაცხადა გიგი უგულავამ.