“მე მინდა, ვიცხოვრო ისეთ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო სისტემა არის სამართლიანი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე მეგობრებთან ერთად მინდა ისეთ ქვეყნაში ცხოვრება, სადაც სამართლიანად ჩატარდება არჩევნები. დამარცხებული გამარჯვებულს მიულოცავს და ორივე მხარე ერთად იშრომებს საქართველოს საკეთილდღეოდ. ის უკანონობა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ვეღარ გაგრძელდება. რაც უნდა იძახონ, რომ მელია არ იხდის გირაოს, ეს უკვე მეათეხარისხოვანია.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი არგუმენტი მაქვს, თუ რატომ ვიქცევი ისე, როგორც ვიქცევი. მე ერთხელ გადახდილი მაქვს გირაო.
მე უკანონო, უსამართლო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი. დღეს, როგორც არასდროს, ვარ მართალი. ჩემი გასამართლებით ნიკა მელიას კი არ ასამართლებენ, თავისუფლების იდეას ასამართლებენ. ასევე, იმ ადამიანებს, ვინც 20 ივნისს გამოვიდა და თქვა, თუ რატომ ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, მტერი სახელმწიფოს წარმომადგენელი.ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი, რაც მინდოდა, მეთქვა.
არასდროს ისე ამაყი არ ვყოფილვარ, როგორც ამ სიბინძურესთან ბრძოლისას. მართალი ადამიანი ძალიან ძლიერია და მგონია, რომ ტყვიაც რომ მესროლონ, მკერდით გავუჩერებ იმიტომ, რომ ჩემ უკან არის მორალი, ზნეობა, სიმართლე და ამ ქვეყნის სიყვარული,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ამოეწურა. საქართველოს გენერალური პროკურატურა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.