„ევროპულ საქართველოში“ დიდი რყევები დაიწყო. კულუარული ინფორმაციით, პარტიის მიერ არჩევნებში ნაჩვენებმა შედეგებმა მისი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი გააბრაზა, რომელმაც „ევროპელებს“ დაფინანსება შეუმცირა და საერთოდ, მისი შეწყვეტით იმუქრება. ამან კი პარტიის შიგნით შიდა დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გამოიწვია.
ურთიერთობა გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას დაეძაბათ, რადგანაც უგულავა მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ნაციონალებთან შესაძლო ალიანსზე ისაუბრეს. ბოკერია კი ამის წინააღმდეგია და ამის გამო მათ შორის კონფლიქტი გამწვავდა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა უპასუხოდ ტოვებს კითხვას, შეხვდა თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს.
პარტიის სხვა ლიდერები აცხადებენ, რომ უცნობია, შედგა თუ არა უგულავასა და სააკაშვილის შეხვედრა.
ანალიტიკოს გია აბაშიძის თქმით „ევროპულმა საქართველომ“ და „ლელომ“ აჩვენეს, რომ საკმაოდ წარუმატებელი საარჩევნო კამპანია ჰქონდათ და ეს მათ შედეგებზეც აისახა. აბაშიძე აცხადებს, რომ ამ ორმა პარტიამ თითქმის ოპოზიციიდან ძალიან ბევრი ფული დახარჯეს წინასაარჩევნო კამპანიაში, თუმცა ამის შესაბამისი შედეგი ვერ ნახეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ევროპელებმა“ როგორც არ უნდა უარყონ, ფაქტია, რომ პარტიაში დიდი რყევებია. ამისთვის კი მათ გადახალისება სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პარტია დაიშლება. ნაწილი მათგანი პოლიტიკიდან საერთოდ წავა, ნაწილი კი „ნაციონალებთან“ დაბრუნდება. აბაშიძე ამბობს, რომ არაა გამორიცხული, დავით ბაქრაძე საერთოდ გრიგოლ ვაშაძის მსგავსად პოლიტიკიდანაც წავიდეს.
„როდესაც ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს, მათი პარტიული სიცოცხლისუნარიანობა უკვე საეჭვო ხდება. ამის ნათელი მაგალითია ენმ-ში დაწყებული მოვლენები და გრიგოლ ვაშაძის წასვლა, ასევე „გირჩის“ გაყოფა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგივე სიტუაცია „ლელოშიც“ არის. ასევე დიდი რყევებია „ევროპულ საქართველოში“. არაა გამორიცხული, რომ პოლიტიკიდან დავით ბაქრაძე საერთოდ წავიდეს. ბაქრაძე არჩევნების შემდეგ, საკამოდ დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა. ამან კი გარკვეული ეჭვები გააჩინა, რომ ის საერთოდ პოლიტიკიდან წავა. მსგავსი მოვლენები „ლელოშიც“ არის მოსალოდნელი.
დავით უსუფაშვილი ვხედავთ, რომ საერთოდ არ ჩნდება. მასაც ოპოზიციის ტაქტიკასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს. ვნახეთ ლევან კობერიძემ „ლელო“ უკვე დატოვა. ასე რომ, გაზაფხულზე, როცა ეს პატარა პარტიები ნახავენ, რომ ქუჩაში არც არავინ გამოდის და მათი გეგმა მცდარია, დაპირისპირებები კიდევ უფრო გამწვავდება. იგივე „სტრატეგია აღმაშენებელშიც“ არის მოსალოდნელი. ეს ყველაფერი უკვე ტრაგიკომედიას ემსგასება, ამბობენ, რომ „ოცნება“ იშლება, რეალურად კი ვხედავთ ვინც იშლება“, – აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, კარგი იქნება, რომ ქართული პოლიტიკური ველი გაიწმინდოს და ასპარეზზე ისეთი ადამიანები გამოვიდნენ, რომლებსაც ქვეყნის ბედი ადარდებთ. ეს კი გარდაუვალი იქნება, რადგანაც გაზაფხულზე სერიოზულ და საინტერესო გადაჯგუფებებს უნდა ველოდოთ.