შალვა პაპუაშვილი ქვეყანაში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასა და ამ ფაქტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და კანონების მიხედვით მოქმედებს, პოზნერსა და მის ჯგუფს კი ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევიათ.
„სახელმწიფოს საკმაოდ მკაცრი კანონი აქვს მიღებული უცხოელების შემოსვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც დარღვეული აქვთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი და ოკუპირებულ რეგიონებში ნამყოფი არიან არა საქართველოს მხრიდან, არამედ რუსეთიდან, საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ. ეს არის გადაადგილების სერიოზული შეზღუდვა, ამიტომ ამას ყურადღება მკაცრად ექცევა. ვიცით, რომ ამ ჯგუფის წევრებს კანონი არ ჰქონდათ დარღვეული. შესაბამისად, მათი ქვეყანაში არშემოშვების რაიმე სამართლებრივი საფუძველი, გარდა იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს პირადი სიმპათია, ანტიპათია და არის ძალიან ცუდი განცხადებები, რომლებიც პოზნერს აქვს გაკეთებული (არ არსებობს). თუმცა მესაზღვრე შემოსვლა-არშემოსვლასთან დაკავშირებით სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას. რაც შეეხება რეაგირებას, მათი შემოსვლა სრულად კანონის ფარგლებში მოხდა. როგორც კი კანონი დაირღვა, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო, 2 ათასი ლარით დაჯარიმდა ყველა, ვინც კანონი დაარღვია. ასევე, 10 ათასი ლარით დაჯარიმდა ის დაწესებულება, სადაც, როგორც ჩანს, წვეულების გამართვა იყო დაგეგმილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.