ე.წ. სამხრეთ ოსეთი საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხს რუსეთთან ათანხმებს. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა სააგენტო „ტასს“ განუცხადა.
თიბილოვის განცხადებით, ავიაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთს სჭირდება ბევრი რამისთვის, მათ შორის ავადმყოფი ადამიანების გადასაყვანად, როგორც რუსეთიდან ოკუპირებულ რეგიონში, ასევე პირიქით. ამჟამად ცხინვალს ვლადიკავკაზთან ერთადერთი საავტომობილო გზა აკავშირებს.
თიბილოვი აცხადებს, რომ საქართველოში მედიცინის ზოგიერთი მიმართულება კარგად არის განვითარებული და ამიტომ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა ხშირად მიმართავს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, რათა ისინი სამკურნალოდ საქართველოში გააგზავნონ.
„საქართველოსთან ჩვენ არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური კავშირები არა გვაქვს ჟენევის ფორმატის გარდა.
ამასთან, საქართველოში „ჩართულობის სერიოზული პროექტი არსებობს. ის კარგად ფინანსდება და მას დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერენ. ამიტომ მოსახლეობა იქ მიდის სამკურნალოდ. ამიტომ ჩვენ სანიტარული ავიაცია ძალზე გამოგვადგება“, – აცხადებს თიბილოვი.