ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, წუხელ ღამით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დაიკითხა.
აღნიშნული პარტიის წევრი ნიკოლოზ ხიზაძე ახალციხის პოლიციაში სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა. როგორც ხიზაძემ ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ განუცხადა, შეკითხვები ძარცვის მუხლით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს.
”აღნიშნული ფაქტი რაც იყო, დეტალურად აღვწერე და მოვყევი. ძირითადად კითხვები შეეხო, თუ ვინ იყვნენ ადგილზე, ვინ მომაყენა შეურაცხყოფა. კამერა არ მინახავს და არ ვიცი სადაა”, – განაცხადა ხიზაძემ.
ახალციხეში იმყოფება ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი დავით დარჩიაშვილიც. მისი თქმით, ოპონენტები ”ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის მიმართ მასობრივ ზეწოლას მიმართავენ.
”მათ გონიათ, რომ თუ მოსახლეობა დაშინდება, ეს მოიტანს შედეგს. დაშინდება თუ პირიქით გაღიზიანდება, ამას ვნახავთ,” – განაცხადა დარჩიაშვილმა.