პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების ჩართვა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტმა ანალოგიური საკითხების განსახილველად ცალკე ჯგუფი ჩამოაყალიბოს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ცალკე შექმნილი კომისია, ვერ მოახდენს გავლენას კონსტიტუციაზე, რადგან ამ შემთხვევაში პრეზიდენტს პარლამენტარებისა და ამომრჩევლის მხარდაჭერა დასჭირდება.
“სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლების ჩართვა იქნება შედეგიანი, რადგან პრეზიდენტი ამ სახით მიიღებს მონაწილეობას კონსტიტუციაში არსებული საკითხების დაბალანსებაში. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი კონსტიტუციაზე სამუშაოდ ცალკე ჯგუფს შექმნის, მაშინ მისი მუშაობა უეფექტო იქნება, რადგან ამ შემთხვევაში პრეზიდენტის გუნდი ვერაფერს შეცლის იქიდან გამომდინარე, რომ მას დასჭირდება პარლამენტარების 50% მხარდაჭერა მაინც და ასევე 200 000 ამომრჩევლის მხარდაჭერა,“-განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში
პოლიტიკურმა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ.
ექსპერტი სტრუქტურულ ცვლილებებზეც ამახვილებს ყურადღებას და მიაჩნია, რომ საჭიროა სამინისტროების შემცირება, რომელიც რეფორმების შედეგად უნდა მოხდეს.
“საჭიროა, რომ საქართველოს ჰყავდეს მცირე მთავრობა, მაგრამ შესაძლოა მოხდეს რაღაც მექანიკური გაერთიანებები, რისი მომხრეც არ ვარ, მაგალითად სამინისტროებს დაერქვათ დეპარტამენტები. საჭიროა მთავრობის თვისობრივი რეფორმები, რასაც დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე დრო დასჭირდება. არის კიდევ მეორე გზა, სამინისტროების შერწყმა, თუმცა ეს ეფექტს ვერ მოიტანს.
აუცილებელია განხორციელდეს სტრუქტურული რეფორმები მართვის სისტემაში, რაც პირდაპირ უკავშირდება საკონსტიტუციო კომისიას და სხვა საკითხებს,“-განაცხადა პოლიტიკურმა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.