23 წლის წინ, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე და რამდენიმე სამხედრო ტყვე დახვრიტეს. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, მათ, ქართველმა საჯაროდ, ბევრი ადამიანის თვალწინ ესროლა. დღეს, დათო ბოლქვაძეს გაიხსენებენ. ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები დათოს სასაფლაოზე შეიკრიბებიან. 23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 24 წლის დათო ბოლქვაძე სიკვდილს შეხვდა.
„რაც დრო გადის მით უფრო მტკივა გული. მით უფრო მაქვს საოცარი პროტესტისა და ამბოხის გრძნობა, უსამართლობის შეგრძნება, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, განსაკუთრებით ცხელ წერტილებში, როგორ შეიძლება ჟურნალისტების – დროისა და ომის მემატიანეების ხელყოფა, ყველაზე დიდი დანაშაული არის ის, რომ ომში დახვრიტო ჟურნალისტი. დათო უპრეცედენტოდ მოკლეს. ბევრი ნაღმზე აფეთქებულა, ბევრს შემთხვევითი ბრმა ტყვია მოხვედრია, ზოგი დაბომბვის შედეგად დაღუპულა, მაგრამ ასე სახალხოდ, საჯაროდ თან ქართველის ხელით დახვრეტა – ეს არის სასტიკი დანაშაული. ბიჭი, რომელიც აფხაზეთის ომში ჩეჩენის, კაზაკის ტყვიას გადაურჩა, ქართველმა დახვრიტა, იმიტომ რომ თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.“ – ამ სიტყვებით იხსენებს „კვირასთან“ საუბრისას ძმას თამარ ბოლქვაძე.
თუმცა, დას ძმის შესახებ საუბარი მაინც უჭირს. ამბობს, რომ 28 ოქტომბერი, ძალიან მწარეა მის ცხოვრებაში.
„დათოს უკვე 47 წელი უნდა შესრულებოდა. დღეს კი დახვრეტის დღეა, ძალიან მწარე დღეა ჩემს ცხოვრებაში. სიმწარე, რომელიც 23 წლის განმავლობაში არ განელებულა, ზოგჯერ უფრო მეტად განვიცდი და უფრო და უფრო მატულობს ეს სიმწრის განცდა. სულ ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა დღეს დათო ცოცხალი ყოფილიყო, როგორ ლამაზად გააგრძელებდა თავის სიცოცხლეს და საქმიანობას, როგორი პროფესიოონალი იქნებოდა,“ – ამბობს დათო ბოლქვაძის და. იგი რეჟისორ გიორგი ებრალიძის მოგონებებს იშველიებს.
„ყველაზე მეტად იცით, რა მიკვირს ხოლმე, თუმცა არც კი მიკვირს, დაახლოებით იმდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა სიკვდილს შეხვდა. ამდენი ხანი რომ ცოცხლობს დათოს ხსოვნა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მან თავის ხანმოკლე სიცოცხლეში ძალიან დიდი შინაარსი ჩაატია. ზოგჯერ მართლაც ბევრს უჩნდება ასეთი კითხვა, რომ როგორი ცხოვრებით იცხოვრა ამ ბიჭმა? ან ისეთი რა გააკეთა, რომ ყველას ასე თბილად და ტკბილად დაამახსოვრა თავი? ზოგჯერ გუშინდელ და გუშინწინდელს აღარ იხსენებენ ხოლმე. ეს, ალბათ თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული. დათო მართლაც ასეთი იყო, არა იმიტომ, რომ მე მისი და ვარ. გავიხსენებ, რეჟისორ გიორგი ებრალიძეს გამონათქვამს, რომელმაც თავდაპირველად დათო მეორე არხზე მიიყვანა. მათ ერთად დაიწყეს იქ მუშაობა. ის მოგონებებში ასეთ რამეს იხსენებს, რომ, – დათო იყო კაცობის ეტალონი. კაცობის საზომი ერთეული იყო ჩემთვის დათო ბოლქვაძეო. სამწუხაროდ, ის რაც ვნახე დათოში, ვერავისში ვეღარ ვნახეო.
„დათოს ჰქონდა საოცრად ღირსეული კაცობის შინაგანი კონსტიტუცია, რომელსაც არასოდეს არ არღვევდა. რომ არ დაარღვია, იმიტომაც შეხვდა ასეთ სიკვდილს. დათოს თავის პროფესიაზე რომ არ ეფიქრა და ეფიქრა სიცოცხლის გადარჩენაზე, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს წაერთმიათ კამერა და კასეტა, თუ ასეთი საშინელება იყო გადაღებული და ამის გამო, რომ ხვრეტ ადამიანს, ეს არის გამოუსწორებელი დანაშაული. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა, მაგრამ ასე საჯაროდ და სახალხოდ დახვრეტილი არის მხოლოდ დათო,“ – აცხადებს თამარ ბოლქვაძე.
და ბოლოს, როგორც თამარ ბოლქვაძე ამბობს, – „ დათოს კაცობა არასოდეს არ ეკიდა თოფის ლულაზე და იარაღზე. ბიჭს, რომელსაც შეეძლო ომში გადაეღო კადრი, თუ როგორ აჭმევენ ჯარიკაცები ბარტყებს, როგორ უყრიან საკვებს ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყებს, იყო დათოს ესთეტიკა. ეს არის დათოს პორტრეტი, ომში, როდესაც ტყვიების ზუზუნი და ტყვიების წვიმა მოდის, მხოლოდ დათოს თვალს შეეძლო დაენახა და ფირზე აღებეჭდა ბუდიდან გადმოფრენილი ბარტყი. ეს იყო დათო ბოლქვაძე.“ – ამბობს თამარ ბოლქვაძე.
ცნობისთვის, 1993 წლის 28 ოქტომბერს, ხობის რაიონული ცენტრის მოედანზე, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე და რამდენიმე ახალგაზრდა დახვრიტეს. 28 ოქტომბრის ტრაგედია უშუალოდ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის ლოთი ქობალიას ხელითა და მისი ორგანიზებით დატრიალდა.
ვახტანგ (ლოთი) ქობალია 1993 წელს დააპატიმრეს და მას ბრალად ედებოდა სამშობლოს ღალატი, ბანდიტიზმი, უკანონო ბანდფორმირების შექმნა, 6 პირის განზრახ მკვლელობა. 1996 წელს უზენაესმა სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1997 წლის ბრძანებულების საფუძველზე, მას ბრალდება 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი ქობალია 2004 წელს სამოქალაქო შერიგების აქტის საფუძველზე შეიწყალა.