ერთი ადამიანი ამ ორ მეგობარ ქვეყანას შორის განხეთქილების საბაბი ვერ გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით სააკაშვილმა ორი ქვეყნის კანონი, საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით დაარღვია.
„სააკაშვილის საქართველოში ასე შემოპარვის მიზანი იყო არეულობის მოწყობა, ეს არის რეალობა. ამის აღკვეთა მოხდა და დღეს ის იხდის სასჯელს. ადვოკატებს აქვთ უფლება შევიდნენ და მისი უფლებები დაიცვან. მართლმსაჯულება იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ყველა ნახავს პროცესი როგორ განვითარდება. არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი, მით უმეტეს ჩემი მხრიდან, არ იქნება, ამაზე შესაბამისი უწყებები ითანამშრომლებენ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ვსაუბრობთ მსჯავრდებულზე რომელმაც ძველი საქმეები რომ საერთოდ გვერდზე გადავდოთ, პირდაპირ დაარღვია კანონი როგორც ერთი, ასევე მეორე ქვეყნის, საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით. ამიტომ ზედმეტია მის პოლიტმატიმრობაზე საუბარი. ჩვენ ვართ ორი მოძმე ერი, სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა, ერთობლივად როგორ განვახორციელოთ ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენს და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით და სწორედ ეს არის ის, რაც გვაერთიანებს ამ ეტაპზე, თანამშრომლობის კუთხით და ბევრი სხვა, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები, საერთო მტერი და ბევრი სხვა მიზეზი. ვერ გახდება ერთი ადამიანი ამ ორ მეგობარ ქვეყანას შორის განხეთქილების საბაბი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.