„საპარტნიორო ფონდმა“ „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის პირველი კონკურსის გამარჯვებულები დააფინანსა. პირველ კონკურსში გამარჯვებული 36 პროექტიდან 8 ბიზნეს პროექტთან ფონდმა ხელშეკრულება უკვე გააფორმა და პროექტებს დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გადასცა. საერთო ჯამში, პროექტები 586 700 ლარით დაფინანსდა.
დაფინანსებულ პროექტებს შორისაა „ავტომობილების პარკირება ვერტიკალურ სივრცეში“; „დეკორატიული ფილების და კერამიკული სივრცული აგურის წარმოება/რეალიზაცია“; „ინოვაციური დეკორატიული აგურის წარმოება“; კლინიკა ონლაინ“; Tripplanner; Wingo; Georgian Toys Factory; CARGOHUB. სხვა გამარჯვებულ პროექტების ავტორებთან მიმდინარეობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი.
თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება, რის შემდეგ ბიზნეს პროექტის განხორციელება დაიწყება. პროექტების დაფინანსება ხორციელდება პარტნიორთა შეთანხმების ყველა პირობაზე მოლაპარაკების და „სტარტაპ საქართველოსა“ და პროექტების კერძო მფლობელებს შორის ხელმოწერის შემდეგ.
პარალელურად, “საპარტნიორო ფონდი” „სტარტაპ საქართველოს” პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ახალი ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს.
15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. იმ ბიზნეს პროექტების ავტორებს, რომლებმაც პროგრამის პირველ კონკურსში შემოიტანეს განაცხადი და ვერ მოიპოვეს დაფინანსება, აქვთ შესაძლებლობა აპლიკაციის შევსების გარეშე მონაწილეობა მიიღონ მეორე კონკურსში, ასევე სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ კონსულტაცია გაიარონ „სტარტაპ საქართველოს” წარმომადგენლებთან და დახვეწონ ადრე წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა.
„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას” მთავრობის ინიციატივით “საპარტნიორო ფონდი” და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ.
„სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ პირველ კონკურსში გამარჯვებული 56 სტარტაპერი გახდა. პროგრამა მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. ინოვაციურ ნაწილში გამარჯვებული 36, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 20 აპლიკანტი გახდა.